მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.
მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ბრიფინგი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.
„დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, პირველ ოქტომბერს. ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.