ექსპრეზიდენტის Facebook გვერდზე აუდიო და ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, რომლებიც დაკავებამდეა ჩაწერილი

ექსპრეზიდენტის Facebook გვერდზე მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

„მე შეიძლება, დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“, - ამბობს სააკაშვილი აუდიოჩანაწერში.

აუდიოს შემდეგ გავრცელდა ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ექსპრეზიდენტი ამბობს: „არაფრის არ შეგეშინდეთ, მიეცით ხმა, სამ ოქტომბერს, ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ. ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ. არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ბრიფინგი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.

ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.