კრემლის გამოხმაურება ექსპრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლაზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მისმინეთ, სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ნებისმიერი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი იმყოფება. ღმერთს მადლობა, ეს ჩვენი საკითხი არაა", - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ და დაამატა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის რისკს ვერ ხედავენ. ეს კომენტარი ექსპრეზიდენტის დაკავებამდე გაკეთდა.

ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.