უცხოური მედია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე წერს

საქართველოს ყოფილი ლიდერი ადგილობრივი არჩევნების წინ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამ სათაურით ბრიტანული სააგენტო Reuters-ი სტატიას აქვეყნებს.

სააგენტო წერს, რომ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, ამ კვირაში გამოაცხადა შაბათის კენჭისყრისთვის შინ დაბრუნების გეგმები, რათა „ქვეყანა გადაარჩინოს", მიუხედავად იმისა, რომ მას დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა საქართველოში.

„ღარიბაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილს დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებენ. პარასკევს, სააკაშვილმა სოციალური ქსელიდან აცნობა თავის მხარდამჭერებს, რომ საქართველოშია და მოუწოდა მათ, ხმა მისცენ ოპოზიციას და შემდეგ დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბონ“. მმართველმა პარტიამ თქვა, რომ სააკაშვილის დაბრუნება არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ პარასკევს საღამოს, პრემიერმა თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია იზოლატორში“, - წერს Reuters-ი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასახლებიდან დაბრუნებისას დააკავეს, - წერს BBC.

„პროდასავლური სააკაშვილი ხელმძღვანელობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე, მაგრამ მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს კორუფციის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს. პარასკევს მან გამოაქვეყნა ვიდეო Facebook-ზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ის საქართველოში დაბრუნდა ადგილობრივი არჩევნების წინ. თავდაპირველად, მთავრობამ უარყო რომ ის ქვეყანაში იყო შესული, მაგრამ შემდეგ, პრემერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა: „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ციხეშია გადაყვანილი“.

„რვა წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ფართოდ განიხილება, როგორც წამყვანი ოპოზიციური ფიგურა და მოუწოდა მხარდამჭერებს, დედაქალაქ თბილისში აქციის გამართვისკენ.

მან არაერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. სააკაშვილი უმეტესწილად უკრაინაში ცხოვრობს საქართველოდან წასვლის შემდეგ. მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე 2015 წელს, როდესაც ის გახდა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი.

სამი წლის შემდეგ, ქართულმა სასამართლომ გაასამართლა ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის და მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა - ბრალდებები, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამ კვირის დასაწყისში პრემიერ -მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ ყოფილ პრეზიდენტს, თუ ის „ფეხს დაადგამს ქართულ მიწას.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებდა და მათ უარი თქვეს პარლამენტში ადგილების დაკავებაზე, რადგან აცხადებდნენ, რომ ხმები გაყალბდა. დემონსტრაციენი გაიმართა ნოემბერში ახალი არჩევნების მოთხოვნით, პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ევროკავშირმა შუამავლობით მიაღწია გარიგებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის აპრილში, რომლის დროსაც რამდენიმე ოპოზიციური პარტია შევიდა პარლამენტში. შეთანხმების თანახმად, „ქართული ოცნება“ დათანხმდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ადგილობრივ არჩევნებში 43% -ზე ნაკლებს მიიღებდა. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლის შესახებ ივლისში გამოაცხადა. იმ დროს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-მ თქვა, რომ „ღრმად შეწუხებული და გაღიზიანებულია“ შეთანხმებიდან გასვლისა და დემოკრატიის უკუსვლის გამო“, - წერს BBC.