„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის რაიონში საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.
3664 საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 70 საარჩევნო უბანია შექმნილი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი.საარჩევნო უბანზე მისულებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ. თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.
არჩევნები წელსაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე პირველად, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ხმების ელექტრონული დათვლის მეთოდი. შეიქმნა „საარჩევნო პორტალი 2021“, რაც არჩევნების დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს.
თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.