სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.
„ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა „ამერიკის ხმას."
პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.