რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ვაშინგტონში

შეერთებულ შტატებში, 2 ოქტომბრის არჩევნების წინ საუბრობენ პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ კონრესში პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

„ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს არჩევნებს ამ უქმეებზე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთთვის, ვინც ბევრ ყურადღებას უთმობს და დიდი ინტერესით ეპყრობა საქართველოს მომავალს და ჩვენ მეგობრობას საქართველოსთან, მინდა რამდენიმე გამამხვნევებელი სიტყვა ვთქვა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ. გვინდა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, იმის თქმა, რისი თქმაც სურთ. გვინდა ვიხილოთ, რომ მედიას ექნება საშუალება მოვლენები თავისუფლად და სამართლიანად გააშუქოს.

ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის წარმატებად შეიძლება იქცეს. ჩვენ [პროცესს] ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით. ასევე მოგიწოდებთ, მოეპყარით საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან კარგად. იმედი გვაქვს რაიმე კარგს ვიხილავთ და ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - თქვა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“. კომენტარში.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და რენდის კორპორაციის წამყვანი მკვლევარი, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლის შესახებ ხშირად საუბრობენ და საჭიროა ეს წარმოდგენები შეიცვალოს.

„ვაშინგტონის პერსპექტივიდან, მთავარი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ეს არჩევნები იყოს უფრო სამართლიანი, ნაკლები ადმინისტრაციული რესურსით, ნაკლები სახელმწიფო კონტროლით მედიაზე და ა.შ. გასულ არჩევნებთან შედარებით. ვაშინგტონში არსებობს დიდი შეშფოთება, რომ არჩევნები საქართველოში დიდი ხანია არ უმჯობესდება. როცა სხვა ქვეყნებს ვუყურებთ, მაგალითად მოლდოვას, სადაც მაია სანდუ აირჩიეს, ვხედავთ, რომ იქ არჩევნები უფრო პატიოსნად ჩატარდა. ამ კუთხით კარგი მაჩვენებელი აქვს უკრაინასაც. [არჩევნების] შეფასების ერთ-ერთი გზა ისაა, რომ მაგალითად უკრაინაში, ხელისუფლებაში მყოფები, არჩევნებს აგებენ... უკანასკნელ პერიოდში, ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უკან მიდის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენების შეცვლა“ - აცხადებს კორტნი.

დიპლომატი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ამის გამოსასწორებლად საქართველომ საჭიროა წინსვლა აჩვენოს.

„საქართველოსთვის არსებული იმედგაცრუება გაქრება, როცა საქართველო წინსვლას დაიწყებს. ამერიკელები ასეთები ვართ, გვიყვარს, როცა ქვეყნები წინ მიდიან“, - აცხადებს დენიელ ფრიდი.

მისი თქმით, ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება ტესტი იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა.

„შეკითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გინდა იყოთ 10 წელში? გინდათ პოლარიზებული, დისფუნქციური ქვეყანა, რომლის ნამცეცებსაც პუტინი აკრეფს? თუ საქართველოს სურს ჰქონდეს დემოკრატია და ანგარიშვალდებულება. ვნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ღარიბ ქვეყანაში, მათ სახლში გაუშვეს ასე ვთქვათ კორუმპირებული მთავრობა, და აირჩიეს ახალი პროევროპელი, რეფორმების დღისწესრიგის მქონე ლიდერი. ვნახავთ იქნება თუ არა ის წარმატებული. თუმცა საქართველოც ამ პრობლემის წინაშეა. სად გინდათ იყოთ 10 წელში?“, - აცხადებს ფრიდი.