„მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოს სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემისთვის ტესტი იქნება“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ ხალხი ფოკუსირებული იყოს არჩევნებზე. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა კონცერტრირდეს გამოწვევებზე, პრობლემებზე, რაც უკავშირდება პანდემიას, ეკონომიკას, გაზრდილ ფასებს, გზებს, განათლებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს საქმე იქნება ტესტი, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება ეს პროცესი. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით და იმედი გვაქვს ის წარიმართება საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და ქართული კანონმდებლობის დაცვით“, - აღნიშნა ელჩმა.
პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.