პრემიერი: ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს

„ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ. მე მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მე მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე მათ წარმოედგინათ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.