ცესკო: პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

ცესკოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს, საარჩევნო უბანზე, აგიტაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე უბანზე ხმის მისაცემად სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა, რაც აგიტაციის წესის პირდაპირი დარღვევაა.

„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, - განაცხადა იოსელიანმა.

კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.