ამერიკის ელჩი არჩევნების მიმდინარეობას მარნეულში აკვირდება. კელი დეგნანმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრა.
„უმნიშვნელოვანესი დღეა და მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. მე აქ, მარნეულში ვიყავი გასულ არჩევნებზე და მიხარია, რომ კვლავ დავბრუნდი და ვხედავ, ამომრჩევლები მოდიან უბანზე. ისინი სერიოზულად უდგებიან თავის პასუხისმგებლობას, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ; როდესაც შეუძლიათ, უზრუნველყონ მათ მიერ არჩეულების ანგარიშვალდებულება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები არის ფუნდამენტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საელჩო აკვირდება მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ჩვენ დაახლოებით 48 ჯგუფი გვყავს მთლიანად საქართველოს მასშტაბით.
ასევე, საელჩოში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ასევე, კომუნიკაციაში არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, შესაბამისად, ინტერესი და ყურადღება ამ არჩევნების მიმართ არის ძალიან დიდი როგორც ადგილობრივად, ასევე აშშ-ში, ვაშინგტონში, საიდანაც ყურადღება მოპყრობილია საქართველოსკენ. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა წინასაარჩევნო დარღვევებს, დაშინებას, ძალადობას და ასე შემდეგ. თუმცა კარგია, რომ პარტიის ლიდერები მოუწოდებენ მშვიდი გარემოსკენ.
ასევე მივიღეთ ცნობები, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ ორგანიზაციას, არ იციან მათი როლის შესახებ, ან რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ საარჩევნოდ დაკვირვების პროცესში, ალბათ, ეს დაკავშირებულია ტრენინგის და კვალიფიკაციის ნაკლებობასთან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.