2021 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და მისი ძირითადი მიზანი პანდემიასთან ბრძოლაა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა. ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკური მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ. ის ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი.
"ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობის და ბიზნესის სოციალურ-მიზნობრივი მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობაა მილიარდ 420 მლნ, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 180 მლნ, ხოლო დანარჩენი მილიარდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. ამ ციფრების ძირითადი მიმართულებაა პირველ რიგში ჯანდაცვის მხარდაჭერა, მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარი, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია, ვაქცინაციის მომზადება, მისი შესყიდვა და რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი", - აღნიშნა მან.