ცესკო: წინასწარ, ნაწილობრივ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდა

„წინასწარ, ნაწილობრივ შევსებული შემაჯამებელი ოქმი განადგურდა“, - აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

„ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შეივსო საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაშიც.

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაცდომაა და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124-ე საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე. ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით.

საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვისთვის“, - განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ამავე თემაზე:

ISFED-ი დარღვევებზე პირველად მონაცემებს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნები“ რამდენიმე დარღვევაზე მიუთითებს