შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე იზრუნებს

შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე იზრუნებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოსატანად და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დადგენილი წესების მაქსიმალური სიმკაცრით აღსრულება დაავალა.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების მხრიდან, რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით“, - აღნიშნა მან.