თინა ბოკუჩავამ საპატიმროში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი გამარჯვებას ელოდება

„დღეს მე დავინახე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, მე დღეს დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი ზრუნავს არა საკუთარ თავზე, კომფორტზე ან თანამდებობაზე, არამედ ქვეყანაზე, რომელიც უყვარს. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს, რადგან ის თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რაც გვაქვს.

შიმშილობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ძალიან ვეცადე, ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი და ეს ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, გააგრძელოს შიმშილობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.