ცესკო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გარდაბნის #41 საარჩევნო უბანზე, 100 ადამიანს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გარეშე ხმა მიაცემინეს, დეზინფორმაციაა

ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან, ცესკო-ს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.

„ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“, - განაცხადა იოსელიანმა.