პატრიარქი: დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს

დღეს, 2021 წლის 2 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა. ინფორმაცია საპატრიარქოს Facebook გვერდზე გავრცელდა.

მისივე ცნობით, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ხმა მისცა კრწანისის საარჩევნო ოლქში არსებული საპილოტე პროექტის ფარგლებში, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეფუძნება.

,„ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. 17:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 41.35%-ს შეადგენს.

ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს, რადგან 43%-ზე ნაკლების მოპოვების შემთხვევაში, მმართველ პარტიას ეს ვალდებულება აქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მომზადებული შეთანხმების თანახმად. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.