შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში #52 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.
"გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც.პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება.ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
„ლეიბორიტული პარტიის“ წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით,მათი პარტიის აგიტატორი, 35 წლის ეივაზ მამედოვი „ქართული ოცნების" აგიტატორმა გურხან რამაზანოვმა მუცლის არეში დაჭრა და მიიმალა.მისი თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ქართული ოცნების“ წევრის, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კავშირი არ აქვთ.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა.
„არანაირი მსგავსი ჩვენი მხრიდან, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით არ ყოფილა. ჩვენ რაც გავარკვიეთ, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა „ლეიბორისტი“. ჩხუბი იყო, ჯერ უბნის წინ და მერე სხვაგან წავიდნენ ჩხუბი გაგრძელდა და დაჭრა“, - განაცხადა ზაურ დარგალმა.