საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ცესკოში ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უკვე დაწყებულია საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი - ხმის დათვლის პროცედურები.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.
მინდა შეგახსენოთ, რომ 3200 საარჩევნო უბანზე სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, წელს პირველად, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ასევე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება „google drive“-ის პლატფორმაზე და უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს კრწანისის საოლქო საარჩევნო უბნებზეც, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.
ამ მრავალ სიახლესთან ერთად, რომელიც ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.
ჩვენ დღეს უკვე გამოვეხმაურეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის წინასწარ, ნაწილობრივ შევსების ფაქტს. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულზე ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. 124-ე საუბნო საარჩევნო კომისია კი ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს კანონით დადგენილი წესით და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებსა და ხარვეზებზე.
მადლობას მოგახსენებთ თქვენი აქტიურობისთვის მედიას, რომელიც დღეს აქ ჩვენთან ერთად შრომობდა მიმდინარე აქტივობების გასაშუქებლად“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.