ISFED: გამოიკვეთა ცალკეული ტენდენცია, რომელიც არჩევნების გარემოზე უარყოფითად აისახა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ კენჭისყრის პროცესი შეაჯამა, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში, თუმცა პროცედურების დარღვევით მიმდინარეობდა.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენცია, რომელიც არჩევნების გარემოზე უარყოფითად აისახა, კერძოდ, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვა და არასათანადო დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა.

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დღის ბოლოს აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 51.3% შეადგინა, რაც წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია; თბილისში აქტივობა 48.6% იყო, ხოლო რეგიონებში 52.5%.

„საარჩევნო დღე შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. ერთი კენჭისყრის პროცესი, უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიებში და მეორე საუბნო საარჩევნო კომისიის გარეთ მიმდინარე პროცესები.

ასეთი ტენდენციები იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა. ასევე მარკირების პროცედურის გავლის და შემოწმების პროცესების დარღვევა და სხვადასხვა პროცედურული დარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ უბნის შიგნით ძირითადად მშვიდ გარემოში და პროცედურების დარღვევით მიმდინარეობდა, უფრო მეტი პრობლემა დავაფიქსირეთ უბნის გარე პერიმეტრზე.

ბევრ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არაერთჯერად ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნამდე, ასევე საარჩევნო უბნების ნაწილთან პარტიების კოორდინატორების გაურკვეველი ორგანიზაციების და დაუდგენელი პირების შეკრებას, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ, აღრიცხავდნენ ამომრჩეველს და დამაშინებელ გარემოს ქმნიდნენ.

ზოგ შემთხვევაში, იქ მყოფი პირები კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩეველთან, შემდეგ სხვებს ურეკავდნენ აღრიცხვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ამომრჩევლის აღრიცხვა ხდებოდა, როგორც 100 მეტრის რადიუსში, ასევე 100 მეტრის გარეთაც“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, უბნის გარეთ მოსყიდვის 7 შემთხვევა დააფიქსირეს.