საარჩევნო უბნების დახურვიდან 8 საათის შემდეგ, ცესკოს ოფიციალური პირველადი შედეგები უცნობია. მანამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ განმარტება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კენჭისყრის მონაცემების პირველადი შედეგების გამოქვეყნების ოტპიმალურ დროდ, საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათი ითვლება. ვვებგვერდზე ამჟამად განთავსებულია ოქმების ნაწილი, თუმცა დაჯამებული სახით მონაცემები ცნობილი არ არის.
პარალელურად, მმართველი პარტია რიგ ოლქებში, 10 რაიონში მეორე ტურს პროგნოზირებს, უფრო ადრე კი "ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზით პოლის შედეგები პარტიის ოფისთან მოწყობილ სივრცეში იზეიმა.
"ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ვებგვერდზე, რომელზეც პარალელური დათვლის შედეგებს ტვირთავენ, ჰაკერული შეტევაა.
ოპოზიცია დიდ ქალაქებში გამარჯვების შესახებ, უმეტეს ოლქებში კი მეორე ტურზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.