ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს ხმების 47,73% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ გიგი უგულავას 37,44%, ხოლო „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, გიორგი აბსარიძემ 14,83 % მიიღო.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ფოთში 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 18 უბანზე (54.55%).
მმართველი პარტია რიგ ოლქებში, 10 რაიონში მეორე ტურს პროგნოზირებს, უფრო ადრე კი "ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზით პოლის შედეგები პარტიის ოფისთან მოწყობილ სივრცეში იზეიმა.
"ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ვებგვერდზე, რომელზეც პარალელური დათვლის შედეგებს ტვირთავენ, ჰაკერული შეტევაა.
ოპოზიცია დიდ ქალაქებში გამარჯვების შესახებ, უმეტეს ოლქებში კი მეორე ტურზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.