ცესკო: თბილისში „ქართულ ოცნებას“ 40.64% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 29.38%

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თბილისში არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 40.64% აქვს, „ნაცმოძრაობას“ 29.38%.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 163 უბანზე (21.2%).

აღნიშნული მონაცემებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიღებული აქვს 36 906 ხმა (40.64 %), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 26 683 (29.38%), „გახარია – საქართველოსთვის“ 7 708 (8.49 %), „ლელო“ 3 059 (3.37%), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლებას“ 2 715 (2.99%), „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 2149 (2.37%), „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებს“ 2 034 ხმა (2.24%).

დანარჩენმა საარჩევნო სუბიექტებმა ხმების ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს.

ოპოზიცია დიდ ქალაქებში გამარჯვების შესახებ, უმეტეს ოლქებში კი მეორე ტურზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.