ცესკოს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.56% აქვს მიღებული, „ნაცმოძრაობას“ 31.23%.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან, 15-ში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ კანდიდატები შემდეგ თვითმმართველ თემებში: თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 15 ქალაქიდან, 13-ში, მერის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, ორში კი, კერძოდ, ზუგდიდსა და წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ამასთან, თიანეთში, მერის არჩევნებში, სავარაუდოდ, მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და თამაზ მეჭიაურს შორის გაიმართება, ცაგერში კი „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატს შორის.
რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, სადაც სავარაუდოდ, გამარჯვებული მერი არჩევნების პირველივე ტურში შეიძლება გამოვლინდეს, ესენია: საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, კასპი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, მესტია, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ზესტაფონი, ვანი, სამტრედია, ხონი, ჭიათურა, ტყიბული, ლანჩხუთი, ჩოხატაური, აბაშა, ქედა, ქობულეთი, შუახევი და ხულო. აღნიშნულ 44-ვე ქალაქში მერის არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
ჯამში, წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი ქალაქიდან, 44-ში მერის არჩევნები, სავარაუდოდ, პირველივე ტურში დასრულდება.
ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან დათვლილია 1 446 უბნის მონაცემები (38.63%).
აღნიშნული მონაცემებით, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ მიღებული აქვს 237 389 ხმა (48.56 %), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 152 665 (31.23%), „გახარია – საქართველოსთვის“ 33 567 (6.87 %), „ლელოს“ 12 690 (2.6%).
დანარჩენმა სარჩევნო სუბიექტებმა ხმების 2%-ზე ნაკლები აიღეს.