კახა კალაძე: პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას, შეიძლება მეც რაღაც დავაკელი პროცესს, მეორე ტურისთვის მზად ვარ

"პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ ვაპირებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი, პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ', - ამის შესახებ, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გულწრფელად ეგონა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის და დარწმუნებულია, რომ თბილისელების დახმარებით გამარჯვებას შეძლებს.

"პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ ვაპირებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი, პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ.

ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს. შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას.

გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რამ, პოლიტიკური მოვლენები, შეიცვალა.

ქართულმა ოცნებამ“ 48% აიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური იქნება, „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე. რამდენიმე ოლქია, სადაც მეორე ადგილზე “ქართული ოცნებაა“, თუმცა, მეორე ტურები გაიმართება და დაველოდოთ შედეგებს. 48%-ის მოპოვება 10 წლის შემდეგ არის დამაჯერებელი გამარჯვება და ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე 45,33%-ით ლიდერობს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ნიკა მელიამ კი ხმების 34,31% მიიღო. გიორგი გახარიამ - 9.03%.

ცესკოს მიერ განახლებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულ ოცნებას“ 47.83% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 30.69%