35 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ოფშორულ ანგარიშებთან კავშირები გამოაშკარავდა - „პანდორას დოკუმენტები“

გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 91 ქვეყანაში, მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„პანდორას დოკუმენტების“ თანახმად, ოფშორული კომპანიების ფაილებში დაახლოებით 35 ახლანდელი და ყოფილი ლიდერი, 300-ზე მეტი საჯარო მოხელე ფიგურირებს.

დოკუმენტის თანახმად, იორდანიის მეფემ ფარულად დააგროვა ქონება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ში, რაშიც 100 მილიონზე მეტი დოლარი დაეხარჯა.

მასში ასევე საუბარია, თუ როგორ დაზოგეს გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა და მისმა მეუღლემ 312,000 ფუნტი სტერლინგი ლონდონის ოფისის შეძენისას. წყვილმა შეიძინა ოფშორული ფირმა, რომელიც შენობას ფლობდა.

ფაილები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მონაკოს საიდუმლო აქტივებთან აკავშირებს და ასევე აჩვენებს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ოფშორული ანგარიშების გამოყენებით 22 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა საფრანგეთში, კანის მახლობლად.

დოკუმენტების თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფშორულ კომპანიაში თავისი 25%-იანი წილი ახლო მეგობარს გადასცა, რომელიც ახლა პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად მუშაობს.

ზოგიერთ ფიგურას ეს ფაიულები ბრალს დებს კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში.

მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლინებაა, თუ რამდენად გამოჩენილი და მდიდარი ადამიანები ყიდულობენ ფარულად ქონებას დიდ ბრიტანეთში. დოკუმენტები 95,000 ოფშორული ფირმის მფლობელებს ავლენს, რაც ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარუმატებლობას, ოფშორული ქონების მესაკუთრეთა რეესტრის დანერგვის მიუხედავად - იმ შეშფოთების ფონზე, როდესაც ქონების მყიდველები შესაძლოა, მალავდნენ ფულის გათეთრების საქმიანობას.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახი, რომლებსაც ადანაშულებენ საკუთარი ქვეყნის ძარცვაში, ამის ერთ-ერთი მაგალითია. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალიევები და მათი ახლო თანამშრომლები ფარულად მონაწილეობდნენ დიდ ბრიტანეთში ქონების გარიგებებში, რომლის ღირებულებაც 400 მილიონ ფუნტზე მეტ ფუნტს შეადგენს“, - წერს BBC.

გარდა ამისა, გამომძიებელ ჟურნალისტთან მასალები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა, 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, 12 კომპანია დააარსა, „მის კომპანიებსა და განხორციელებულ ოპერაციებზე ინფორმაცია მწირია“.

ამასთან, დოკუმენტების თანახმად: კომპანია Silverpot Holdings-ი ბიძინა ივანიშვილმა საბროკერო ანგარიშის დახმარებით, საჯაროდ აღნუსხული კომპანიების კონტროლისთვის დააფუძნა.

რაც შეეხება კიდევ ერთ კომპანიას, Brighton Corporate ვალად აღებული სააქციო კაპიტალით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გარკვეული ობიექტების, მათ შორის ჰიდროელექტრო სადგურებისა და სასტუმროების დასაფინანსებლად შეიქმნა.

საერთაშორისო გამოძიებაში 600-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ 11 მილიონზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტი მოიპოვეს.