მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე, კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

„დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გახდება ცნობილი. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი უკვე ცნობილია და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ამასთან, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

„ბრალდების მხარემ დასაბუთებულად წარადგინა შუამდგომლობა ელგუჯა ცომაიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნა ემყარებოდა კონკრეტულ არგუმენტებს, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა ბრალდებულს პატიმრობა”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს