გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 2 ოქტომბრის არჩევნები Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაფასა. მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება.
„მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებები. ისინი აკვირდებოდნენ მოწესრიგებულ და კარგად ორგანიზებულ კენჭისყრის დღეებს კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად. მეორე მხრივ, მათ შენიშნეს არათანაბარი საასპარეზო პირობები წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მცირე და ახალი პარტიებისთვის ძალიან რთული იყო, კონკურენცია გაეწიათ უფრო დიდ და არსებულ პარტიებთან და მათ ამის შესახებ შეჯამებაც გააკეთეს. ასე რომ, ეს არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება“, - აღნიშნავს ჰუბერტ ქნირში.
გერმანიის ელჩმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ „რთული ამოცანა იტვირთეს“ და „ასე მოწესრიგებულად ჩაატარეს არჩევნები“.
კითხვაზე, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, დარჩენილი გადასაჭრელი საკითხები კი ყველას ამოცანად რჩება.
„ეს არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ეს არის არჩევნები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შედეგად გაუმჯობესებული კანონმდებლობის დაცვით ტარდება, მაგრამ ის ასევე აჩვენებს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი და ეს რჩება ყველას ამოცანად, მათ შორის პარლამენტისთვის, მთავრობისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის - მათი კონკურენციისა და ურთიერთქმედებისას არამხოლოდ არჩევნების დროს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც დღეს ისევ იწყება“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europetime-ს.
ჰუბერტ ქნირშთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
გერმანიის ელჩი: არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე