თეა წულუკიანი: ქუთაისი, ქართული კულტურის აკვანი, კაციჭამიების და მილიციელების ხელში არ უნდა ჩავარდეს

ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდა მმართველი ძალის ამომრჩეველს, რომ „ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით. მისი საქმიანობა ორგანიზებულად შეაფასა საერთაშორისო დამკვირვებელმა - ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს. ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი - აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი, დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქართული კულტურის და ძალიან ბევრი, დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მეორე ტურში გამარჯვება პრობლემა არ იქნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები არ ვიქნებით და ვიმუშავებთ ჩვენს კანდიდატებთან იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, იმ შესანიშნავი კანდიდატის მხარდასაჭერად, როგორიც რუსთავს არასდროს ჰყოლია და ნურავის ეწყინება. სამწუხაროდ, იშვიათობად ქცეულია ქართულ პოლიტიკაში ქალი კანდიდატი, როგორიც არის ნინო ლაცაბიძე. ასევე - ზუგდიდშიც“, - აღნიშნა წულუკიანმა.

„მინდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას არჩევნების საერთაშორისო შეფასებები მივუსამძიმრო“, - მიმართა წულუკიანმა ოპონენტებს.

მისივე თქმით, „არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია, დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი კი ციხეშია“.

„მავანი ფიქრობდა, რომ დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა - მათ ანგარიშზე კიდევ ერთი იმედგაცრუებაა. სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, გისამძიმრებთ“, - დაამატა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტურია ქუთაისშიც, სადაც მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძე 43,35 %-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,49 %-ით.