აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი გეგმავენ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ. მიზანი ვაქცინისადმი სანდოობის გაზრდა და მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის ჩვენებაა.
ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტების ამ კამპანიის შესახებ CNN ავრცელებს. მათ თქვეს, რომ თუ აშშ-ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი იტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, მზად არიან ის საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ.
"შესაძლოა ეს პროცესი გადავიღოთ, მხოლოდ ხალხისათვის იმის საჩვენებლად, რომ მეცნიერებას ვენდობი, რასაც არ ვენდობი - ესაა კორონავირუსით დაავადება". - თქვა ობამამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჯერ-ჯერობით აშშ-ს გამოყენებისათვის კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია. განიხილება რამდენიმე კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის დამტკიცება, თუმცა ამისათვის მათ შემოწმება წარმატებით უნდა გაიარონ.
ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე დაამტკიცეს Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსალოდნელია, რომ ამავე ვაქცინის გამოყენება აშშ-ში რამდენიმე კვირაში დაიწყება.
აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 14 314 265 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 462 434, გარდაიცვალა - 279 867. ეპიდემიოლოგები ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და მათ შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდებენ.