Europetime-მა საქართელოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ექსკლუზიურ ინტერვიუ ჩაწერა. 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გარდა, ელჩმა Europetime-ის შეკითხვებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზეც უპასუხა. ელჩის თქმით, არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება.
„ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებები. ისინი აკვირდებოდნენ მოწესრიგებულ და კარგად ორგანიზებულ კენჭისყრის დღეებს კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად. მეორე მხრივ, მათ შენიშნეს არათანაბარი საასპარეზო პირობები წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მცირე და ახალი პარტიებისთვის ძალიან რთულია, კონკურენცია გაუწიონ უფრო დიდ და არსებულ პარტიებს და მათ ამის შესახებ შეჯამებაც გააკეთეს. ასე რომ, ეს არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი.
ჰუბერტ ქნირშმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ „რთული ამოცანა იტვირთეს“ და „ასე მოწესრიგებულად ჩაატარეს არჩევნები“.
კითხვაზე, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, დარჩენილი გადასაჭრელი საკითხები კი ყველას ამოცანად რჩება.
„ეს არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ეს არის არჩევნები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შედეგად გაუმჯობესებული კანონმდებლობის დაცვით ტარდება, მაგრამ ის ასევე აჩვენებს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი და ეს რჩება ყველას ამოცანად, მათ შორის პარლამენტისთვის, მთავრობისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის - მათი კონკურენციისა და ურთიერთქმედებისას არამხოლოდ არჩევნების დროს, არამედ შემდეგი არჩევნების წინ, რომელიც იწყება“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europetime-ს.
რაც შეეხება გერმანიის არჩევნებს და მის გავლენას საქართველოზე, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა.
„ჩვენ ვაკვირდებით კოალიციის შექმნის პროცესს. ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა, რაც იყო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს მოიცავს ევროკავშირის ურთიერთობას თავის აღმოსავლელ მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან. მე მოუთმენლად ველი გერმანიის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტებს და ისინი თავად ჩამოიტანენ ამ გზავნილებს“, - განაცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.
ასევე, ინტერვიუს თემა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, შესაძლო საფრთხეები და მის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა. ჰუბერტ ქნირშის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან.
„ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით. ბოლო დროს, გერმანიაში, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი გაიზარდა. ისინი კვლავ აკვირდებიან ამ საკითხს და განიხილავენ საქართველოს მთავრობასთან, ეს არის მუდმივი პროცესი “, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.