7-8 ოქტომბერს საქართველო მეოთხედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის ადმირალ ბაუერის მეთაურობით.
თავდაცვის სამინისტოს შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.