საქართველოში აკრედიტებული ელჩები აცხადებენ, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შესაბამისი განცხადება დიპლომატიური კორპუსის სახელით გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.
„შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახან გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს უწყებაში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, იმამურა აკირასთან.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებს.
„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.
აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა, დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს.
თავის მხრივ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.