ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ არჩევნებს არასამართლიანი უწოდა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, „არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, სისტემური ხასიათი ჰქონდა „კარუსელებს“.
„ამიტომ: 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია!“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.
გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მხარს არც „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვიმოქმედებთ შემდგომი პრინციპით - არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა. ამ ორ, ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას, ორივეს აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მართვისკენ.
ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არცერთ მათგანს არ მივცეთ შესაძლებლობა, მოახდინოს ძალაუფლების კონცენტრაცია - მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევქმენით მთავარი ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლა ქვეყანაში ორპარტიული, ერთმანეთთან დაპირისპირებული, რადიკალური პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს ერთად დავამთავროთ“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხა და ყოფილ პრემიერს „მოღალატე“ უწოდა.
„მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩვენების შემდეგ ეს ადამიანი საზოგადოებას დაემალებოდა. არჩევნების დასრულებიდან ორი დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე - მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და პირველ რიგში, თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის ყველა უბნის დათვლის შემდეგ, კახა კალაძემ ხმების - 45.04%, ნიკა მელიამ - 33.96%, გიორგი გახარიამ - 9.36% მიიღო.