უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოში უკრაინის კონსულმა დღეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უწყების პრესსპიკერის ცნობაზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არსებულ პირობებთან დაკავშირებით საჩივარი არ გამოუთქვამს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისში უკრაინის საელჩო მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის, საკონსულო და სამართლებრივ დახმარებას განაგრძობენ. კონსული თანამშრომლობს მის ადვოკატებთან“, - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს რუსთავის ციხეში მოინახულა ექსპრეზიდენტი. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, რომელშიც წერს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან.
სააკაშვილი ასევე უარს აცხადებს რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარებაზე.
„მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავეხმარებოდი ჩვენ ხალხს ხელისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა დამაკავა.
მე თავისუფალ ადამიანად ვრჩები გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ, იცით მე გამოვაცხადე შიმშილობა და მე მას არ შევწყვეტ არცერთ შემთხვევაში, ვიდრე მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.
თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლე და სიკვდილიც. ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცონო რაიმე ტიპის ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენ გასააქტიურებლად, ძალიან მიყვარხართ ყველანი“, - წერია მიხელ სააკაშვილის განცხადებაში.
ექსპრეზიდენტმა დაკავების შემდეგ მოითხოვა უკრაინის კონსულთან შეხვედრა. იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა.