საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით დაიშვება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 9 ოქტომბერს ეროვნული გუნდი ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. მეორე მატჩი 12 ოქტომბერს, სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ შედგება.