15 ოქტომბრიდან „იმუნიზაციის მარათონები“ დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, იმუნიზაციის მარათონების და ე.წ. კვირეულები დაწყება დააანონსა. იმუნიზაციის მარათონები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პროცესში ჩაერთვებიან თითოეული სოფლის რწმუნებული, ექიმი, ექთანი და იმუნიზაციის ოფიცერი, ე.წ. აგიტატორი რომელიც ივლის კარდაკარ და ყველა ადამინს აუხსნის აცრის მნიშვნელობას და მოიწვევს ასაცრელ პუნქტებში.

„რეგიონებში იქნება როგორც სტაციონარული ასაცრელი პუნქტები, ასევე მობილური“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

„ეს არის ძირითადად სოფლები სადაც სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. ასევე დამატებით თბილისიდან იქნება გაგზავნილი დამატებითი ჯგუფები. ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბერს დაიწყება ერთკვირიანი მარათონი, შეჯიბრი ამ სოფლებს შორის. 68 სოფელი მოიცავს 250 ათას მოსახლეს. სამიზნედ ვიღებთ 60%-იან მაჩვენებელს, რომელზეც სამი კვირის განმავლობაში გავალთ. იქნება რამდენიმე ასეთი კვირეული, თუ ამან გაამართლა, შემდეგ ავიღებთ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2 ათას ადამიანს აღემატება. ჩვენი მიზანია მოვიცვათ დაახლოებით 3,5 ათასამდე დასახლებული პუნქტი“, - განაცხადა ამირამ გამყრელიძემ.