მიმდინარე კვირაში, იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ მიიღებს გადაწყვეტილებას 12 წელს გადაცილებულების აცრასა და ასევე, ბუსტერ დოზების გამოყენებასთან დაკავშირებით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კონსენსუსამდე მივიდნენ.
„ვფიქრობ, ესეც ამ კვირის განმავლობაში იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ 80%-ზე ავიდეთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი 28%-ია, თუმცა, ზოგიერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა 50-%ზე მეტია აცრილი.
ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, სადაც 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილების მაჩვენებელი, ხოლო 70% - ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში ვართ ექთნებში, 40%-ზე ნაკლებია უმცროს სამედიცინო პერსონალში, შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.