კარლ ჰარცელი: ევროკავშირი ცდილობს, საქართველოში მასწავლებლები ახალი იარაღებითა და ცოდნით აღჭურვოს

" ევროკავშირი ცდილობს საქართველოში მასწავლებლები ახალი იარაღებითა და ცოდნით აღჭურვოს, რომ მისცეს მათ შესაძლებლობა ეს ცოდნა ახალგაზრდებში გაავრცელონ", - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მასწავლებლების დღისადმი მიძღვნილ, მილოცვის ტექსტში.

კარლ ჰარცელის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, 335-მა მასწავლებელმა უკვე გაიარა ტრენინგი, აღიჭურვა პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლების ცოდნით და ეს ძალისხმევა აუცილებლად გაგრძელდება.

"დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი პატივისცემა გამოვხატო მასწავლებლების მიმართ საქართველოში. პანდემიის გამო, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მოგიწიათ მუშაობა და ყველა თქვენგანს ნაყოფიერი სასწავლო წელი მინდა ვუსურვო! ვფიქრობ, სკოლების გახსნა შესაძლებლობას მოგცემთ უფრო მარტივად და მეტი ხალისით გააგრძელოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი პროფესიული საქმიანობა.

მჯერა, რომ ყველა თქვენგანმა შეძლო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების ახალ რეალობასთან შეგუება, თუმცა ვერცერთი ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს საკლასო ოთახს და ფიზიკურ სასწავლო გარემოს. როგორც განათლების სპეციალისტებს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ დროის ცვლილებას ახალი გამოწვევები მოაქვს. დღესაც და მომავალშიც, თქვენ ციფრულ ხანაში აღზრდილ მოსწავლეებთან გექნებათ ურთიერთობა. ინტერნეტმა, ციფრულმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა უდიდესი საგანმანათლებლო სიკეთე მოუტანეს მსოფლიო თანამეგორობას და დაეხმარნენ მას ადამიანებს შორის ხიდების მშენებლობაში. თუმცა, ამავდროულად, გაამძაფრეს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ფენომენი და შეუდარებლად გაზარდეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა", - ნათქვამია ევროკავშირის ელჩის განცხადებაში.