ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული სამი მოქალაქიდან, ერთ-ერთი გაათავისუფლა

დე-ფაქტო საზღვართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაკავების დროს, ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა სცადა, 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა.

ამ დროისთის, ცხინვალიდან გათავისუფლებული 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

„პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები", - განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე გუშინ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა.