" "ქართულმა ოცნებამ" ასე თუ ისე, სხვადასხვა დარღვევებითა თუ მანიპულაციებით 43% გადალახა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ფოკუსი შეიცვალა, აქცენტი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებზე აღარ არის", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია მოიგებს, ეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ვერ გახდება,თუმცა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს რიგგარეშე არჩევნების საჭიროება მოიტანოს.
"ახლა უკვე არჩევნების მეორე ტურზე უნდა ვკონცენტრირდეთ. რა თქმა უნდა, მხარი ყველა იმ ოპოზიციურ კანდიდატს უნდა დავუჭიროთ, ვინც მეორე ტურში გადავიდა. იმედი მაქვს, მეორე ტურის წინ "ქართული ოცნება" არ დაარღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და ისეთ ძალადობაზე არ გადავა, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შარლ მიშელის შთანხმების თანახმად, თუ სახელისუფლებო პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩვენები უნდა დანიშნულიყო. სწორედ ეს პუნქტი გახდა ამ შეთანხმების მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერას დათანხმდა. მოლაპარაკებების შედეგად დათანხმდა "ქართული ოცნებაც", თუმცა ზაფხულში განაცხადა, რომ შეთანხმების ანულირება მოახდინა, რადგან შეთანხმება ოპოზიციამაც დაარღვია.
მმართველი პარტიის მხრიდან მიუხედავად შეთანხმების დარღვევისა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს, ერთგვარ რეფერენდუმად განიხილავდა და იმედი ჰქონდა რომ დასავლეთის მხარდაჭერით, 43 პროცენტზე ნაკლები შედეგის დადგომის შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწევდნენ.