თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა მკაფიოდ დააფიქსირა თურქეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ

"უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა ვლდიმერ პუტინთან საუბრისას, მკაფიოდ განსზღვრა თურქეთის პოლიტიკა და მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ.

როგორც ჩავუშოღლუ აღნიშნავს, მათ მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატო-სთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას.

„შავი ზღვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი სფეროა, ამიტომ მუდმივი ყურადღება უნდა მიექცეს სამხედრო თემას შავ ზღვაში და სწორედ ეს კეთდება ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების, შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოების მხრიდან. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ძალიან ღია და გულწრფელი ვართ. პრეზიდენტი ერდოღანი აგრეთვე ძალიან გულწრფელი იყო კოლეგა პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე. ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრეთ ჩვენი პოლიტიკა. მაგალითად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შავი ზღვის რეგიონის ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის დახმარება“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.