კლინიკების ასოციაცია პრემიერს ჯანდაცვაში სასწრაფო საკადრო ცვლილებებისკენ მოუწოდებს

კლინიკების ასოციაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროში დაუყოვნებლივ, საკადრო ცვლილებები განახორციელოს.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისეთი ხარვეზები დაგროვდა, რომელმაც სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში, უარყოფითი ზეგავლენა იქონია.

"აღნიშნული ხარვეზებიდან აღსანიშნავია ნაჩქარევი და არასრულფასოვანი დადგენილებები, როგორიცაა: მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება (რომლის შედეგად შეფერხდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების მუშაობა, მათ შორის - ინტერვენციული კარდიოლოგია); მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება (რომლის შედეგად დიდ ქალაქებში მრავალმა პოლიკლინიკამ და ამბულატორიამ ფუნქციონირება შეაჩერა. 13 000 ბენეფიციარის არ ყოლის გამო საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან მათი გამოთიშვის გამო მრავალი მათგანი საერთოდ დაიხურა, ეს მაშინ, როდესაც თითოეულ უბანში მათი ფუნქციონირება სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლავთ); მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება (რომლის შედეგად სტუდენტებს და რეზიდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდებში ევალებოდათ გაუაზრებელად დაწესებული თანხის გადახდა); სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული კაბალური გადაწყვეტილებები (რომლის თანახმად პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს 2013-2016 წლებში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში რეგისტრირებულ ბენეფიციართა პირადობის მოწმობის ქსერო-ასლების სრულად არ ქონის გამო ასიათასობით ჯარიმა დააკისრა, რის შედეგად პოლიკლინიკები და ამბულატორიები იძულებული გახდნენ ფუნქციონირება შეეწყვიტათ); პანდემიასთან ბრძოლის საქმეში აღმოჩენილი უხეში დარღვევები (ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში დაავადების პრევენციის და პროფილაქტიკის მიზნით გატარებული დაგვიანებული და არაეფექტური ღონისძიებები); პანდემიის II ფაზისთვის ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა და არასათანადოდ მომზადება (რამაც მდგომარეობა კატასტროფულ ნიშნულამდე მიიყვანა)", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აკადემიური და პროფესიული ნიშნით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში, საქართველოს მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოს.