NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია, თუმცა ეს ხვალ არ მოხდება.
მისივე თქმით, რუსეთს სურს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები არსებობდეს და, შესაბამისად, ის საკუთარ მეზობელ ქვეყნებს აკონტროლებდეს.
„ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი გზა. ის აზრი, თითქოს რუსეთის მეზობელი ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება მოსკოვისთვის პროვოკაციას წარმოადგენს, აბსოლუტურად მცდარია. როდესაც ერთი ქვეყანა გადაწყვეტს, NATO-ში გაწევრიანდეს, ეს საკითხი ეხება მხოლოდ NATO-ს და ამ ქვეყანას - მეტს არავის. რუსეთს სურს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები არსებობდეს და, შესაბამისად, ის საკუთარ მეზობელ ქვეყნებს აკონტროლებდეს.
ეს არაა მიდგომა, რომელითაც ჩვენ გვსურს, ვიხელმძღვანელოთ. თუ ვინმე ამბობს, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქვეყნებს არჩევანი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ხომ სუვერენიტეტის ხელყოფაა? ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას, რეფორმების გატარებისა და NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით“, - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.
მისივე თქმით, ალიანსი შეთანხმდა, რომ როდესაც საქართველო და უკრაინა მზად იქნებიან ამისთვის, ისინი NATO-ს წევრები გახდებიან.
„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები იქნებიან. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებაში და კორუფციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.