50-მდე ბინის გაძარცვის ბრალდებით იტალიის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა

იტალიის პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც იტალიური მედია "ბინების ოსტატებს" უწოდებდა.

იტალიური მედიის ცნობით, ქართულმა კიმინალურმა დაჯგუფებამ სამ ქალაქში 50-მდე ბინა გაქურდა.

ქართველების დასაკავებლად იტალიის პოლიციამ რეიდი, ერთდროულად, ქვეყნის სამ ქალაქში ჩაატარა - რომში, მილანსა და ტურინში.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენამდე დაჯგუფების წევრები ბინის კარზე სიგარეტის კოლოფს, ან სხვა შეუმჩნეველ ნივთს აკრავდნენ, მას შემდეგ კი რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბინის კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაღებულა, სახლში შედიოდნენ.

მიმდინარე წელს იტალიაში ქართველი მძარცველების დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ადგილობრივმა პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, 62 ადამიანი აიყვანა, საიდანაც 55 საქართველოს მოქალაქეა.