„საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი, დემოკრატიულ ინსტიტუტების გაძლიერების და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულების შემთხვევაში“, ამის შესახებ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიეგო კოლასმა საქართველოში ჩატარებული 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები შეაფასა.
დიეგო კოლასმა უპასუხა კითხვას, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები და რა გავლენას იქონიებს ის პოლიტიკურ კრიზისზე, ახალი პოლიტიკური განვითარებების დამატებით და ბოლო პერიოდში არაერთი კრიტიკული შეფასების გათვალისწინებით.
„მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მოქალაქეების, თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის გამო. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ სრულფასოვანი საერთაშორისო საარჩევნო მისია აკვირდებოდა 2 ოქტომბრის კენჭისყრას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის დასკვნებს.
ევროკავშირის განცხადებაში ასევე კმაყოფილებით აღვნიშნეთ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ჩვენი რეკომენდაცია იყო და რამაც გაააუმჯობესა საკანონმდებლო ჩარჩო, რაც კარგია. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ რიგი ხარვეზები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს გადაუდებელ დამატებით ძალისხმევას, როგორც მეორე ტურის წინ, ასევე მის მიღმა.
ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამოვხატე ჩემი შეშფოთება განსაკუთრებით ჟურნალისტების დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ, რომლის გარეშეც არ შეიძლება, არსებობდეს ჯანსაღი, დემოკრატიული ევროპული სტილის სახელმწიფო.
მე ხაზი გავუსვი ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას და კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულებას. ჩემი აზრით, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც საქართველო დგას, საქართველოს შეუძლია, იყოს უფრო ძლიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალისხმევა განხორციელდება; თუ დემოკრატიული ინსტიტუტები ამგვარად გაძლიერდება, სასამართლო და კანონის უზენაესობა კი ფართოდ იქნება განხილული, როგორც ღირსეული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი“, - განუცხადა დიეგო კოლასმა Europetime-ს.