რატომ შეიზღუდა ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში, ჟურნალისტების ამ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში უპასუხა.
მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულება კონკრეტული წესებით ხელმძღვანელობს და ციხე სასტუმრო არ არის.
„იმ რაოდენობით, რამდენიც მათ უნდათ - 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია. უკვე მე ვწყვეტ რა რაოდენობით შევლენ გამომდინარე უსაფრთხოების ნორმებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან. არც ვაპირებ რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა უარი, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მნახველების რაოდენობა. ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის, თუ არ ვცდები ოჯახის წევრებიც, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება.
ნუ აქვს ვინმეს მოლოდინი, რომ ყველა შეძლებს ერთ დღეში შესვლას, ეს გამორიცხულია. საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც შეუძლიათ, ლობიში ისაუბრონ. როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, კიევში, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.