ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა, ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი და პრემიერ ღარიბაშვილსაც მოუწოდებს, იგივე გააკეთოს კანცელარიაში

„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში ან სამხარაულის ბიუროში, არამედ ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი - ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი”, კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი“, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

„მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი”, რომ კანცელარიაში ჩააბაროს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

„ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი“, - ეს არის ნაწილი წერილიდან, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაავრცელა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ერთად, მას ბრლად ედება საქრთველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.