გვწამს, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების დაცვითაა შესაძლებელი - ბორელი

გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდებიან, რომ ისინი ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად გადაჭრან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ეუთო-ს მინისტერიალის საბჭოს 27-ე შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ეხება არა მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც.

მისი თქმით, ეუთო-ს სივრცის სტაბილურობა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და მზად არის, მოახდინოს ყველა ინსტრუმენტის და პოლიტიკის მობილიზება აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

„ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში ვქმნით სამომავლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ეუთოს ყოვლისმომცველ მიდგომას უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზომებს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.