"ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. სხვადასხვა გათვლით, დღეს იმუნური ფენა გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში. თუ ეს არ იქნება დაახლოებით, 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა, თუმცა ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია.
"უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევა, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და ახლა 7 000, 8 000, 9 000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8 000 მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში. ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.